გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიის შედეგად სახლის სახურავების გარეშე დარჩნენ, დროებითი გადახურვის საშუალებებით უზრუნველყოფენ. გურჯაანში, თაყაიშვილს ქუჩის მცხოვრებლების საცხოვრებელი სახლების დაზიანება ქარისგან მოგლეჯილმა ნაძვის ხეებმა გამოიწვია.
როგორც ადგილობრივი როინ ჭიღოლაშვილი ამბობს, ხეების მოჭრის ნებართვის მიღებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
სტიქიით დაზარალებულთათვის შექმნილია ცხელი ხაზი და მუშაობს შესაბამისი კომისია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სახურავის გარეშეა დარჩენილი ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი და 70-მდე კერძო სახლი, მათ შორის ვეჯინში, კოლაგში, ბაკურციხეში, ველისციხესა და კარდენახში.