გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს - „ვინც შენ ფორმა ჩაგაცვა“ [ვიდეო]
გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და თელავის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობენ.
ავტობუსს, რომლითაც სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.
სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
ველისციხესთან კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.