გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსის გადაბრუნება სცადეს [ვიდეო]
გურჯაანში, ველისციხესთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები იმყოფებიან, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცველების ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ავტობუსის მინა ჩაამსხვრია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.
სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
ველისციხესთან კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.