გურჯაანში დაკავებული მუსა ხანგოშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი რუსეთიდან ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა
მუქარის ან პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი მუსა ხანგოშვილის დედამ, მედეა ხანგოშვილმა მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მუსა ხანგოშვილი 12 წელია რუსეთში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში პირველად ჩამოვიდა.
„ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. ინფორმაცია, თითქოს კადიროვმა ხეობაში სპეციალურად გამოგზავნა, ტყუილია”,-აცხადებს მედეა ხანგოშვილი.
რაც შეეხება მანამდე, პანკისის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც მუსა ხანგოშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა, მედეა ხანგოშვილიაცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნაში მყოფი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.
როგორც ცნობილია, მუსას ძმას, ანზორ გიშკაევს ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ პანკისში განვითარებული მოვლენების გამო 26 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მუსა ხანგოშვილი გურჯაანში ოთხ აგვისტოს დააკავეს და ყვარელში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.