გურჯაანსა და მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა
გურჯაანსა და მარნეულში ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა. სტუმრებს ადგილზე მიეცათ შესაძლებლობა, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართულიყვნენ და აცრა „ფაიზერის“, „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით გაეკეთებინათ.
ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ, ასევე უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.
გურჯაანში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„დაახლოებით 30 პროცენტია გურჯაანის მოსახლეობის აცრილი, მოზრდილი მყავს მხედველობაში, გვინდა 60%-იან მაჩვენებელზე გავიდეთ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, სოფლის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდნენ. მადლობელი ვარ „კახეთი იონის“ კლინიკის, რომელიც ეხმარება სოფლის ექიმებს, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებს მარნეულში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში დაესწრო. პაატა იმნაძის განცხადებით, ღონისძიების მიზანი მიღწეულია, ადამიანებმა ვაქცინაციის შესახებ ყველა ინფორმაცია მიიღეს.
„ძალიან ბევრ პენსიონერს ვხედავ აქ, ათეულობით ადამიანი აიცრა, ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან მთავარი იყო, რომ ადამიანამდე მისულიყო ყველა ინფორმაცია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. გურჯაანში სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა. მარნეულში კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი – ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი – ზაურ დარგალი იმყოფებოდნენ. ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ბავშვების განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა, მოეწყო სხვადასხვა გასართობი შოუ. მუნიციპალიტეტებში ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. ხვალ ანალოგიური აქტივობები სამტრედიასა და ახალქალაქშია დაგეგმილი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.