გურჯაანის სპირტის ქარხანაში მშენებლობაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანში, სპირტის ქარხანაში მიმდინარე მშენებლობაზე 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის შემდუღებლების დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
გარდაცვლილს ოჯახი ამბობს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.
ბრალდებას უარყოფს ქარხნის დირექტორი ლადო ფოთოლაშვილი. მისი თქმით, ახალგაზრდას შემდუღებლებთან მუშაობა არ ევალებოდა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.