გურიის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის კონფლიქტი მოგვარებულია, ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას კი რეაგირება მოჰყვება
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის კონფლიქტი უკვე მოგვარებულია და ნებისმიერ პროვოკაციულ ქმედებას სამართალდამცავები შესაბამისად უპასუხებენ.
„ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც ერთ მხარესთან, ისე მეორესთან. ჩვენ გუშინ შევეცადეთ, მაქსიმალურად დაგვემშვიდებინა შეკრებილი მოსახლეობა, თუმცა იქ იყვნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები, რომლებმაც არ მისცეს ამის საშუალება. ამის შემდეგ მე პირადად ვიყავი იმ სამლოცველოში, სადაც ტარდება ლოცვები. შევხვდი როგორც მუფტს, ასევე ადგილობრივ წინამძღვრებს. საღამოს გაიმართა ერთობლივი შეხვედრა, როგორც ქრისტიან, ასევე მუსლიმ მოსახლეობასთან და მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება და არც ჰქონია მუსლიმ მოსახლეობას, რომელიც ლოცულობდა სოფელ ბუკნარში. ყველა იმ ადამიანის ქმედებაზე, ვინც შეეცდება ამ თემის პროვოცირებას ან მოსახლეობის გაღიზიანებას, იქნება შესაბამისი რეაგირება.
გუშინ ვიხილეთ როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმი სასულიერო პირების მოწოდებები. მათ მოუწოდეს თავიანთ მრევლს, იცხოვრონ მშვიდად, აღადგინონ ის ურთიერთობა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდათ. ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის შევხვდეთ მოსახლეობას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუთქვათ თითოეულ მოქალაქეს და დავიცვათ მათი უფლებები“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.