გურიის გუბერნატორი რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია დღეს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე ისაუბრეს.
„ვფლობთ სრულად ინფორმაციას. რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება. გურიაში სიტუაცია კონტროლირებადია და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტიანად“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.
ასევე, დღეიდან ოზურგეთში ყველა არასასურსათო სავაჭრო ობიექტი დაიხურება.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი სირაძის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით იქნა მიღებული.
„არასასურსათო სავაჭრო ობიექტები დაიხურება, სანამდეც ამის საჭიროება იარსებებს“, – განაცხადა ირაკლი სირაძემ.