გურიაში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობენ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სახიდე გადასასვლელები დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყება. დოლიძის ქუჩაზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ეზოში მრავალწლოვან ნაძვის ხეებს მეხი დაეცა, რის გამოც დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენები. ოზურგეთის მომსახურების ცენტრი ახორციელებს ხეების მოჭრას, რის შემდეგაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი დაიწყებს აღდგენით სამუშაოებს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დატბორილია საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები. სოფელ ღრმაღელეში დაზიანებულია შიდა გზები. სოფელ ომფარეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, სადაც შუახნის ქალბატონი იმყოფებოდა და გადაყვანილია კლინიკაში. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სოფელ ჯიხანჯირში მეწყრის შედეგად დაზიანდა ჯოჯუების საცხოვრებელი სახლი. სოფელ ჭანჭათის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო პრო ჯორჯიას“თანამშრომლების მიერ დღის ბოლომდე დაზიანება აღმოიფხვრება“, – აღნიშნულია გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ამ დროისთვის სოფლებში და ქალაქის ტერიტორიაზე სწავლობს სიტუაციას, ითვლება ზარალი. ამ დროისთვის გურიაში აღარ წვიმს.