გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია
გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა, მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს.

ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე ასევე იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი.

ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.