გურიაში სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიის ზონაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღსადგენად მიმდინარეობს სამუშაოები, კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული.
„გურიაში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია ტექნიკა. მერიებში და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატშიც ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით მოსახლეობასთან. გაიმართა საგანგებო შტაბის შეხვედრა და შესაბამისი სამსახურებიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ინფორმაცია. რეგიონში აქტიურად მუშაობენ როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები, რათა მაქსიმალურად შემჭიროებულ ვადებში მოხდეს კომუნიკაციების აღდგენა, მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით“, – განახადა გიორგი ურუშაძემ.
გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.