გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არცერთი გზა აღარ არის ჩაკეტილი
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არცერთი გზა აღარ არის ჩაკეტილი

გურიაში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება, ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, ამ დროისთვის, არც ერთი გზა ჩაკეტილი არ არის. მიმდინარეობს მუშაობა სამანქანო გზების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გრძელდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა. ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ჰუმანიტარული დახმარება 1 200-ზე მეტ ოჯახს გაეწია. არც ერთ სოფელში ფაქტობრივად აღარ არის ჩაკეტილი უბნები, ყველა უბანთან მიყვანილია, როგორც მინიმუმ საფეხმავლო გზა. ახლა ვმუშაობთ, რომ საფეხმავლო გზაც მალე იყოს. სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 514 ოჯახი. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ კოკათში 30 აბონენტს. გაზმომარაგება შეწყვეტილია 432 აბონენტთან. ადგილზე მობილიზებულია როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ასევე „სოკარ გაზის“ სამუშაო ჯგუფები და ინტენსიურად მუშაობენ, რათა მალე მოხდეს ამ ხარვეზის აღმოფხვრა. გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, მათ მიერ 306 მათგანზე დაწერილია უარყოფითი დასკვნა ანუ 306 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას საჯარო სკოლებში, არც ერთი მოსწავლე არ დარჩება სწავლის უფლების გარეშე, განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყება 2 ოქტომბერს, ეს არის ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლები. რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს. ჩვენ დავიწყებთ იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. რეგიონში საკმაოდ ბევრი სკოლა აშენდება და გარემონტდება“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ.