გურიაში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ რეგიონში ამ ეტაპზე შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია აცხადებს, რომ რეგიონში ამ ეტაპზე შემზღუდავი ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება.
მისი თქმით, საკონტროლო პუნქტებზე მიმდინარეობს როგორც თერმოსკრინინგი, ასევე ტესტირება და სოფლებში მობილური ჯგუფები კარდაკარის პრინციპით მუშაობას აგრძელებენ.
„გაიმართა რეგიონული შტაბის სხდომა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, სადაც განხილულ იქნა მექანიზმები, რომლის გამოყენებაც უკვე ხდება ჩვენს რეგიონში. საკონტროლო პუნქტებზე მიმდინარეობს ტემპერატურის მონიტორინგი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფები საყურადღებო სოფლებში მოძრაობს და ახდენს კარდაკარის პრინციპით ადგილობრივების ტესტირებას. ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩაუტარდა 617 მოქალაქეს. დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს ის, რომ შრომაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იყო, არ გამოვლენილა ინფიცირების ახალი შემთხვევა. რეგიონში ამ ეტაპზე გვყავს 240-ზე მეტი ინფიცირებული, ხოლო 500-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში რჩება. ამ ეტაპზე ღონისძიებების გამკაცრება არ განიხილება. საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ დეტალები, რომელიც ახლავს ღონისძიებებს, რომელიც უკვე ხორციელდება და მათი ეფექტურობის შეფასება მოხდა. ღონისძიებების გამკაცრება ან შემსუბუქება განხილული იქნება იმ ორკვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, რომელიც თავიდანვე ითქვა. საყურადღებო სოფლებში სასწავლო პროცესი გადასულია ონლაინრეჟიმზე. სხვა ტიპის შეზღუდვა ამ ეტაპზე ამოქმედებული არ არის. მოქალაქეთა გადაადგილება თავისუფალია, მხოლოდ თერმოსკრინინგი უტარდებათ. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას, სრულიად თავისუფალია“, – განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი სახოკიამ.
შეგახსენებთ, გურიის რამდენიმე სოფელში, კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო, კონტროლი გამკაცრდა. მოეწყო პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები. მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება და მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება.