გურიის რეგიონში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.
მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ.
ოზურგეთის სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
„სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში ორჯერ განხორციელდება.