გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყო
გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყო

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. გურამიშვილის გამზირზე, N16 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რეკრეაციული ფუნქცია დაკარგული ჰქონდა, პროექტის განხორციელების შედეგად კი 6 500 კვ. მ ფართობზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილესთან, კახა გულედანთან, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ანღდღულაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გახსნა.

„განხორციელებული პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს. მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, გამწვანებული, განათებული ტერიტორია, თავისი სარწყავი სისტემით; არის ასევე სატრენაჟორო სივრცე. ძალიან სასიამოვნოა ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში მოწესრიგებული იყოს ასეთი სივრცეები და მსგავსი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც – დაიგო ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ, „ლაგომ“ შეასრულა და მის განსახორციელებლად ნაძალადევის გამგეობიდან 1 208 228 ლარი დაიხარჯა.

,,ჩვენს რაიონს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატა. ამ ადგილას, 50 წელზე მეტია, მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ამორტიზებული სკვერი სრულიად ახალი, მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

სკვერის გახსნის პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის გიორგი ცხადაძის ბენდმა დაუკრა.