გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ეხმარება
გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ეხმარება

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ეხმარება.

გამგეობის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფურცლები გააკრეს.

როგორც ისინი აცხადებენ, არც ერთი ოჯახი არ დარჩება თავშესაფრის გარეშე.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რამდენიმე ოჯახი გადაყვანილია სასტუმრო „შაინში“.

16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არის ოთხი დაშავებული. ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები. დაშავებულებს შორის ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი.