გურამ ოქროპირიძე - მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყველა წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, ოლიმპიურ ჩემპიონებს, პრიზიორებს, სამწვრთნელო შტაბს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გურამ ოქროპირიძემ განაცხადა, მუნიციპალურ დონეზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და პროგრამების განვითარების მხარდაჭერა გაგრძელდება.
„საამაყო და სასიხარულოა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და ჩვენი ოლიმპიელები მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური ნაკრების ყოველი წევრი მიიღებს ფინანსურ ჯილდოს. რა თქმა უნდა, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე სპორტული ინფრასტრუქტურისა და პროგრამების განვითარების მხარდაჭერა გაგრძელდება და მეტი წარმატებული სპორტსმენი ეყოლება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.