გურამ ნიკოლაშვილი - მიხეილ სააკაშვილისგან, ნაცვლად იმისა, რომ თავისი საქმიანობა შეაფასოს, რათა საზოგადოებას მის მიმართ განცდა გაუჩნდეს, ვიღებთ ფარსს და ძალადობას
მილიონამდე დოლარი კონკრეტულად „აკერმანს“ გადაუხადეს, ხოლო რაც შეეხება ექიმებისთვის და მედიისთვის, პიარსააგენტოსთვის და კიდევ რაღაც უსაფრთხოების კომპანიისთვის გადახდილ ჰონორარებს, ეს 350 000 დოლარზე მეტია, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„არსებობს კიდევ მეორე კონტრაქტი სხვა ლობისტთან, „გლობალ პოინტთან“, 20 000 დოლარზე. ეს არის, უბრალოდ, დარეგისტრირებული კონტრაქტი. ამერიკული კანონმდებლობით, ვალდებულებაა, რომ ექვს თვეში ერთხელ უნდა წარადგინო სრული დეკლარაცია, ხელშეკრულება ნოემბერში გააფორმეს და ეს ექვსი თვე რომ გავა, იქ კიდევ გამოჩნდება, ის რა დაჯდა საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ეს ხარჯი მიმდინარეა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ის ყველაფერი, რასაც ქართული საზოგადოება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თვალს ადევნებს, არის კარგად დაგეგმილი, ორკესტრირებული და მოქმედებაში ჩაშვებული ტაქტიკა.
ამასთან, ნიკოლაშვილმა აღნიშნა, რომ ლობიზმი არის გავლენებით ვაჭრობა, ოღონდ ლეგალური.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, სად გადის ზღვარი ლობიზმსა და ქრთამს შორის, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ მათ შორის ძალიან დიდი ზღვარია.
„აქ ძალიან დიდი ზღვარი გადის. სწორედ იმიტომ, რომ ქრთამი არ არსებობდეს, არსებობს ლობიზმი და ამიტომ არსებობს ვალდებულება, რომ შენ ყველაფერი დაადეკლარირო. აშშ ლობისტურ კომპანიებს ავალდებულებს, რომ ყველა ურთიერთობა, კულისებში გარიგებები და ა.შ. დაადეკლარირონ. თქვენ რომ ნახოთ ამ რესურსზე ეს ანგარიშები, ყველა მიწერილი მეილი, ზარი და ყველაფერი აღრიცხულია. იმიტომ, რომ ის ეუბნება, შენ გამჭვირვალედ ითამაშეო, თუმცაღა გასაგებია, იქ ის რასაც აკეთებს. აშშ-ში თუ არსებობს ვთქვათ, X ინტერესი, იმავენაირი მეთოდოლოგიით იქ ამას უპირისპირდება იგივე ინტერესი, მაგრამ საქართველოში ვიღებთ რას? იმას, რაც არის სწორედ ბატონი სააკაშვილის ბრალი ამ ქვეყანაში. ორ ამერიკულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და პირდაპირ აქვს დავალება, შენ მომეხმარე, რომ მე რაღაც ისეთი რაკურსით წარმოვჩნდე, პუტინის პირადი მტერი, უკრაინის მოქალაქე და ა.შ. ისინიც ეხმარებიან, რომ სააკაშვილის სატატუსი იმგვარად აღიწეროს, რაც დასავლურ საზოგადოებაში ეფექტურად გაიყიდება. ის ცდილობს, აშშ-ში რაღაც პროცესების ინიცირება გააკეთოს იმისთვის, რომ ინტერვიუ გავიდეს CNN-ზე, დაბეჭდოს „ვაშინგტონ პოსტმა“ რაღაც სტატია და შემდეგ უკვე მისიმედია საშუალებები, რომლებიც აქ რამდენიმეა, ამაზე აკეთებენ აპელირებას და საქართველოში ჩნდება განცდა, რომ მთელი ამერიკა და ევროპა შეშფოთებულია და სხვა საზრუნავი არ არსებობს, ვიდრე ბატონი სააკაშვილის რაღაც მდგომარეობა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ზუსტად იმავეს აკეთებდა.
„რატომ უხდიდა ლობისტებს ფულს? იმიტომ, რომ იქ უნდა გაჩნდეს რაღაც ამბები, რომლებიც შემდეგ აქ ამგვარად გადმოითარგმნება. ანუ, იმავე ტაქტიკას აგრძელებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მან აირჩია ეს ტაქტიკა და ქართული საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება მთლიანად გათიშულია“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხალხს მიმართოს და თავისი საქმიანობა შეაფასოს, რათა საზოგადოებას მის მიმართ განცდა გაუჩნდეს, ვიღებთ ფარს პროცესს და ძალადობას.
„გინდა თუ არა, ასე უნდა გააკეთო, თუ არა, მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას ავამხედრებო“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.