გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და გაყალბებაზე მტკიცებულებები წარადგინონ, გამომძიებელს სიზმრებს ვერ მოუყვებიან, ხომ ამბობენ, ზღვა მასალა გვაქვსო, ტბა მასალა მაინც მიიტანონ
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა და სხვა პირებმა პროკურატურაში უნდა წარადგინონ მტკიცებულებები, რის საფუძველზეც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საუბრობენ.
როგორ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას არავის გაუტარებს.
„რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, უნდა წარმოედგინათ. შესაბამისად, საზოგადოება ნახავდა, გაყალბებასთან დაკავშირებით რა მტკიცებულებების საფუძველზე საუბრობდნენ. იმდენჯერ არასწორად და არაარგუმენტირებულად თქვეს, რომ გაყალბდა ხან 300 ათასი, ხან 400 ათასი ხმა, რომ უკვე ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე პროკურატურაშია გამოძიება დაწყებული. აგერ ბურთი და მოედანი, მიბრძანდნენ ზურაბიშვილის თამადობით და მტკიცებულებები წარადგინონ. იქ გამომძიებელს სიზმრებს ვერ მოუყვებიან, ვერც აღქმებზე ილაპარაკებენ, ვერც იმას იტყვიან, ცესკო-ს შედეგებზე წნევამ ამიწიაო. იქ მტკიცებულებები უნდა მიიტანონ და ქართული და საერთაშორისო საზოგადოება ნახავს, გაყალბებასთან დაკავშირებით რა მტკიცებულების საფუძველზე საუბრობენ. ჩვენ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის მიმართ ეს თავხედური შეურაცხყოფა ვინმეს გავუტაროთ. ერთი დღით ადრე, ორი დღით ადრე, ერთი კვირით ადრე გვარამია, ლომჯარია და მელია თვითონ საუბრობდნენ დაჟინებით, რომ გაყალბების შანსი ამ არჩევნებზე ნულოვანია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლონ, მით უმეტეს, როცა უცხოეთიდანაც არის მოწოდება, რომ გამოძიებული უნდა იყოს ყველა სავარაუდო ხარვეზი, რომელზეც ისინი საუბრობენ.
„ვნახოთ, რა მტკიცებულებას მიიტანს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ზურაბიშვილი. საინტერესოა, რა არგუმენტი ექნება ზურაბიშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებულს უწოდებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს. პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლონ. მით უმეტეს, როდესაც უცხოეთიდანაც არის მოწოდება, რომ გამოძიებული უნდა იყოს ყველა სავარაუდო ხარვეზი, რომელიც მიაჩნია ოპოზიციას, რომ ამ არჩევნებში ჩადენილია და ითანამშრომლონ გამოძიებასთან. აი, ბურთი და მოედანი. ხომ ამბობენ, რომ გაყალბების დამადასტურებელი ზღვა მასალა აქვთ – ამ ზღვა მასალიდან ტბა მასალა მაინც მიიტანონ, რომ ხალხმა ნახოს, რის საფუძველზე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ყველა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ეს ხალხი იტყუება და შემდეგ მოუწევთ ბოდიშების მოხდა.
პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკური სპეკულაციები რატომ უნდა მოჰყვეს? ეს მისი ნება იყო. პრეზიდენტი პროკურატურაში რამე სხვა დანაშაულის ჩადენის გამო კი არ არის დაბარებული. თავად თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, ცესკო-მ მიმართა პროკურატურას და ახლა პროკურატურას აინტერესებს, პრეზიდენტი რომ საუბრობს, არჩევნები გაყალბდაო, რა არგუმენტები და მტკიცებულებებია. გამიძიება სხვანაირად როგორ უნდა ჩატარდეს? ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. ზურაბიშვილი ზოგადად პატივს რომ არ სცემს არც ქართველ ხალხს და არც ქართულ სახელმწიფოს, სამწუხაროდ, ეს გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, მორიგ ჯერზე როგორ დაამტკიცებს ამ პატივისცემას თუ უპატივცემულობას, მათ შორის უცხოელების მოწოდებას, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სავარაუდო ხარვეზებთან დაკავშირებით. ვნახოთ, ამ პროცესების შემდეგ რა შედეგებზე გავალთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.