გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფაცაა
ზელენსკიმ საკუთარი გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დიპლომატიას, ასევე პირდაპირ უგულებელყო და შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკულ-ევროპული ტექნიკური ჯგუფის დასკვნას, სადაც წერია, რომ საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც სანქციებისგან თავის არიდება ხდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ზელენსკის გადაწყვეტილება ასევე შეურაცხყოფაა სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების.
„ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თავზე გადახევაა ამერიკულ-ევროპული ჯგუფისთვის, რომელმაც საქართველოში თქვა, რომ ქვეყანაში საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება არ ხდება. მაშინ, როცა, სამწუხაროდ, უკრაინაში ომია და მეგობრებს, პარტნიორებს უნდა ეძებდეს და საქართველო ერთ-ერთი პირველია, თუ ყველაზე პირველი არა მეგობრობაში, ამ დროს ამ გადაწყვეტილებით ზელენსკი მეტოქეებს ეძებს და არა მეგობრებს. ამის მიუხედავად, უკრაინას ისევ ვუსურვებთ მშვიდობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასეთი სახის გადაწყვეტილებებს რეაქციის გარეშე არასოდეს დავტოვებთ. სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საწინააღმდეგო არაერთი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის გადაწყვეტილება ამის შეურაცხყოფაცაა, როცა საუბარია, თითქოს საქართველოში ვინმე სააკაშვილს აწამებს ან არასწორად ექცევა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.