გურამ მაჭარაშვილი - ზელენსკიმ არახამიას სთხოვოს მოლაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის სურათები და სააკაშვილის სურათთან ერთად გამოამზეუროს, ამის შემდეგ დაუჯერებს ხალხი
სამწუხაროდ, ზელენსკის განცხადება შემადგენელი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რასაც ჰქვია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ ზელენსკის განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა იმას, რომ საქართველოში უკანონოდ მოიყვანონ ხელისუფლება, რომელიც მათ დაეხმარება და ქვეყანაში გაიხსნება მეორე ფრონტი.
„ზელენსკის თუ აინტერესებს, სად არის საქართველო და ვის გვერდით დგას, 400-მდე საერთაშორისო რეზოლუციას გადახედოს, ვის სასარგებლოდ გამოვიდა საქართველო და ვის საწინააღმდეგოდ. ასევე გადახედოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო გაოგნებული იყო მისი პრეზიდენტობით. ამის შემდეგ კითხვები არ ექნება, სად არის საქართველო და რატომ არის სააკაშვილი ციხეში. ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ როგორმე საქართველოში იყოს არეულობა. ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მეგობრები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ახლა ის ხელისუფლება ჰყავთ, რომელთაც ასეთი განცხადებებისთვის არ უნდა ეცალოთ. ზელენსკის თავისი ქვეყნის ერთი მოქალაქის ბედი რომ აღელვებს და მხოლოდ მას უსმენს, საქართველოში მისი ქვეყნის ათასობით მოქალაქეა და მათი ხმა რატომ არ ესმით, რომლებიც საქართველოში თავს კარგად გრძნობენ. ზელენსკი რომ გამოვიდეს და თქვას, დღეს საქართველოში ბნელაო, მსოფლიო უყურებს, დღეს მას დაუჯერებენ და არა ქართულ სახელმწიფოს. ზელენსკიმ თქვა, საქართველოში ბნელაო და ამას არ იჯერებს არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება. საქართველო სად არის, ეს კითხვა დღეს როგორ უნდა დასვა, როცა 400-მდე რეზოლუციაში საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და რუსეთის წინააღმდეგია. ვინც მას დაუჯერებს, ის მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ. ზელენსკიმ სურათები გამოიტანა და არახამიამ მომაწოდაო. არახამიას სთხოვოს და მიაწვდის მოლაშვილის, ბუტა რობაქიძის, გირგვლიანის სურათებს, რომლებიც, სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმმა იმსხვერპლა და სააკაშვილის სურათთან ერთად გამოამზეუროს და მას ხალხი შემდეგ დაუჯერებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.