გურამ მაჭარაშვილი - ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატო-ს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ
ვილნიუსის სამიტზე დამტკიცდა, რომ ნატო-ს ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა აქვს, მით უმეტეს, რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრაქტიკულად, უკრაინა-საქართველოსთან მიმართებაში სტატუს კვო დარჩა, საქართველოსთან დაკავშირებით იგივე პოზიციაა, რაც მანამდე იყო.
„ნატო-სთვის ფრთხილი პოლიტიკა გასაგები და მისაღები თუა, მაშინ, მით უფრო, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა უფრო გასაგები და მისაღები უნდა იყოს. ამიტომ, როცა პოლიტიკოსები, შიგნით თუ გარეთ, განცხადებებს აკეთებენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ნატო-ს პოლიტიკა გაიხსენონ, რომელიც სიფრთხილეს იჩენს. ეს, მით უფრო, საქართველოს სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა თავად განაცხადა, რომ უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა და უფრო მეტი ჩაწერეს უკრაინასთან დაკავშირებით, თორემ არავინ იცის, როდის მიიღებენ ნატო-ში უკრაინას და როდის – საქართველოს. შუალედში რას დაამატებენ და რას გააუქმებენ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ორივე ქვეყნის შემთხვევაში ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი უცნობია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.