გურამ მაჭარაშვილი - ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს, „ნაცმოძრაობა“ ვიდრე იარსებებს, საქართველო მუდმივად ჯანჯღარში იქნება
ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაიწყება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება.
„ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, რომ მათ ჩადენილი აქვთ დანაშაულები. როგორც ჰიტლერის პარტიამ ჩაიდინა არაერთი დანაშაული, ასევეა „ნაცმოძრაობა“, რომელმაც ქართველი ხალხისა და ქართველი სამხედროების წინაშე ჩაიდინა დანაშაული და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ. ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში „ნაციონალურ-სოციალურ პარტიას“ ეარსება. არავის ეგონოს, რომ სახუმაროდ გვაქვს საქმე ან ვინმეს ვაშინებთ. ბუნებრივი მოცემულობაა, რომ ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იარსებებს, საქართველოს საშველი არ ექნება და მუდმივად ჯანჯღარში იქნება. შესაბამისად, მათი გასამართლება ბუნებრივი და რეალურია, რასაც არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.