გურამ მაჭარაშვილი - ვეთანხმებით პრეზიდენტის განცხადებას იმ ნაწილში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას თავხედურად, მაშინ, როცა ხუთი თვის განმავლობაში შეთანხმების ყველა საკითხს უგულებელყოფდა
ვეთანხმებით პრეზიდენტის განცხადებას იმ ნაწილში, როდესაც ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას აბსოლუტურად უადგილოდ და თავხედურად, მაშინ, როცა ხუთი თვის განმავლობაში ის შეთანხმების ყველა საკითხს უგულებელყოფდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება სესხის საკითხს, მაჭარაშვილის თქმით, ამ ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას ვერ დაეთანხებიან.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, სესხის ასაღებად ევროკავშირის ყველა წინაპირობა შესრულებულია, ხოლო კონკრეტულად ფინანსურ ოპერაციაზე საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად არსებობს ამის საჭიროება ამა თუ იმ მომენტში.
„ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტის განცხადებას იმ ნაწილში, როდესაც ის ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას აბსოლუტურად უადგილოდ და თავხედურად, მაშინ, როდესაც ხუთი თვის განმავლობაში ის უგულებელყოფდა აბსოლუტურად ყველა საკითხს, რაც კი იყო ამ შეთანხმებაში, არ მონაწილეობდა არც ერთ საკითხში, და რატომღაც, ახლა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაახსენდა შეთანხმებაზე ხელმოწერა.
რაც შეეხება სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას, ყველა წინაპირობა, რაც ჰქონდა ევროკავშირს სესხის ასაღებად, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. რაც შეეხება თავად სესხის ნაწილს, ანუ ფინანსურ ოპერაციას, ბუნებრივია, მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ მომენტში კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შესრულება რამდენად საჭიროა, რისი რესურსიც, ბუნებრივია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია. ანუ, მას არ ექნება ობიექტური სურათი და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა კონკრეტულად ამა თუ იმ პერიოდში საქართველოსთვის სესხის აღება. რაც შეეხება ევროკავშირის პირობებს, როგორც გითხარით, ეს პირობები ჩვენი მხრიდან შესრულებულია. ამდენად, აქ აბსოლუტურად გასაგებად არის ყველაფერი ნათქვამი და გაკეთებულიც. ამიტომ პრეზიდენტის განცხადებაში ამ ნაწილს ნამდვილად ვერ დავეთანხმები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებიც კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
„რაც შეეხება პრეზიდენტის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში, ბუნებრივია, ეს პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება. ასე ჩატარდა მათ შორის პრეზიდენტის არჩევნები, როგორც პირველი, ასევე მეორე ტური, მანამდე არსებული ყველა არჩევნებიც, ბუნებრივია, 2 ოქტომბრის არჩევნებიც უპრეცედენტოდ კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორ ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველაფერს იღონებს, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“.