გურამ მაჭარაშვილი - ვერ დაგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და ხელისუფლებას შეეხიდება დათქმების შესრულებაში, ევროპამ დაინახა, ვინ მუშაობდა სტატუსის მისაღებად
სამწუხაროდ, ვერ დაგპირდებით, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუას ისწავლის და ხელისუფლებას შეეხიდება, რათა დათქმები შევასრულოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპამ უკვე დაინახა, რეალურად ვინ მუშაობდა სტატუსის მისაღებად და ვინ – საწინააღმდეგოდ.
„დათქმები ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს და, ბუნებრივია, ჩვენც გვექნება, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, როგორ შეიძლება, პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციებით დათქმები შევასრულოთ და მივიღოთ როგორც სტატუსი, ასევე, მომავალში – წევრობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც და შეფასებულია საქართველოში განხორციელებული რეფორმები, 12 რეკომენდაციის შესრულება. ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიაში განმარტეს, რომ რეკომენდაციას გასცემენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, ასევე, კიდევ გადაიდგმება.