გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, როგორც ჩანს, კომისიამ ფუნქცია შეიცვალა
ვენეციის კომისიის დასკვნა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, სამართლებრივი დასკვნის მაგივრად, პოლიტიკური შინაარსის დასკვნა დაწერა.
„როგორც ჩანს, ვენეციის კომისიამ ფუნქცია შეიცვალა. გასაგებია, საიდან იყო ეს დავალება. იმის ნაცვლად, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი დასკვნები დაეწერა, პოლიტიკური შინაარსის დასკვნა დაწერა და ლამის ტრაფარეტი იყო – არა რუსულ კანონს. ვენეციის კომისიას რეპუტაციულად ასე შელახული დასკვნა აქამდე არ დაუწერია. რაც მეტად გააპოლიტიზებენ ამ სამართლებრივ ინსტიტუტებს, მით უფრო მეტად დაინახავს ქართველი ხალხი, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაა. თურმე გამჭვირვალეობა, უსაფრთხოება ყველა ქვეყანას სჭირდება და ჩვენ – არა. ახლა ამ პროცესს თურქეთშიც იწყებენ. უცხოური ძალები უკვე აღარ მალავენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდათ და ამ მიზნის მისაღწევად ისეთი ხელისუფლების მოყვანა სურთ, რომელიც ამ ყველაფერზე დათანხმდება. ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე ამას არ დავთანხმდებით. იმ ფონზე, როცა ამერიკიდან ჰააგის მოსამართლეებს დასანქცირებით ემუქრებიან, რატომ გვიკვირს, რომ ვენეციის კომისიას დაავალეს და დააძალეს, პოლიტიკური დასკვნა დაეწერა? სამწუხაროდ, ეს არ გვიკვირს. ამერიკიდან ჰააგის მოსამართლეებს დასანქცირებით როცა ემუქრებიან, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვენეციის კომისია პოლიტიზებული გახადეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება გუშინ გამოაქვეყნა.