გურამ მაჭარაშვილი - გიორგი ვაშაძის სტრატეგიამ არ გაამართლა და ახლა თავის ბუდეში მივიდა, მისი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს არის „ტრაგედია ხაბეიშვილი“
გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს არის „ტრაგედია ხაბეიშვილი“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორ პარტიას საერთო სტრატეგია ექნება და შეიქმნება „გამარჯვების პლატფორმა“ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე.
გურამ მაჭარაშვილის აზრით, გახარია და ხაზარაძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ გაერთიანდებიან, რადგან ისინი ხაბეიშვილს ლიდერად ვერ აიტანენ.
„რადიკალურ ოპოზიციაში დღეს არის გამიშვი და გამატარე, ვინ იქნება „ნაცმოძრაობასთან“ და ვინ – არა. ხაზარაძეს თავისი ამბიციები აქვს და, მით უმეტეს, გახარიას. მათ პიროვნული ამბიციები აქვთ. ეს ადამიანები რამდენიმე დღის წინ „კოკა-კოლის“ ფონზე ხელიხელჩაკიდებული ვიხილეთ. რა მიზანი ჰქონდათ? ქვეყანაში არეულობა. გახარია და ხაზარაძე ლიდერად ვერ აიტანენ ხაბეიშვილს და ეს არის მიზეზი, რის გამოც ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ გაერთიანდებიან.
იმ ფონზე, როცა საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური პარტიის ნომერ პირველი ამოცანაა, ნებისმიერ ფასად გავიდეს პარლამენტში, ხოლო საზოგადოებას არავინ ეუბნება, ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში როგორ უნდა გაიყვანოს საქართველო სამშვიდობოზე, ყოველთვის ექნებათ სანდოობის დაბალი ხარისხი. როგორ გგონიათ, ვაშაძე რატომ მივიდა ახლა თავის ბუდეში? მივიდა, რადგან ნახა, რომ მისმა სტრატეგიამ არ გაამართლა. გიორგი ვაშაძის პარტიას ჰქვია „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს სტრატეგია გადაკეთდა სიტყვად „ტრაგედია“, ხოლო აღმაშენებელს ვერ მიბაძა და ხაბეიშვილი ჩაანაცვლა. გიორგი ვაშაძის პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს არის „ტრაგედია ხაბეიშვილი“. ვაშაძე ახლა ისევ „ნაცმოძრაობას“ მიეტმასნა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.