გურამ მაჭარაშვილი - ვახტანგ გომელაურთან ჩვენც გვექნება კითხვები, იყო თუ არა შესაძლებელი, 5 ივლისს ძალადობის ფაქტები მინიმუმამდე დასულიყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ კითხვები, კერძოდ, იყო თუ არა შესაძლებელი, ძალადობის ფაქტები მინიმუმამდე დასულიყო.
„შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვიცით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ძალადობრივი ფაქტები აღეკვეთათ, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე იყო აგრესიული ადამიანების ძალადობის ფაქტები, ამიტომ ვერ მოხერხდა მათი შეკავება, თუმცა ამ ყველაფერზე 18 ივლისს ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არა მხოლოდ ახლა, არამედ მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც გასული იყო ყოველგვარი ჩარჩოებიდან.
„მაგალითებად აღარ მოვიყვან, თუ როგორ მუშაობდნენ პარლამენტის ბლოკირებით. იქამდე, ვიდრე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არ ისწავლის იმ მთავარი ღირებულებების პატივისცემას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პატივს სცემს, მანამდე ოპოზიციას არასოდეს ექნება მხარდაჭერა და „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში როგორც დასავლეთის, ამერიკის, ევროკავშირისა და იმ ღირებულებების დარაჯი, რასაც ჰქვია სამი ათასწლიანი სახელმწიფოს ისტორია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.