გურამ მაჭარაშვილი - უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს, ლომჯარიას, შავ ფულს
უხერხული იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ჯარის დაფინანსებაზე უარის თქმა და „მოლიტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად თანხების მიმართვა სამარცხვინოა.
„დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩიც და თავად ევროკავშირის სტრუქტურებიც მიხდვებიან ქართველი ხალხის ნებას, რომ ჩვენ სუვერენიტეტი და გამჭვირვალობა გვინდა. უხერხული და სამარცხვინოც კი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ისინი დააფინანსებენ არა ჯარს და გამჭვირვალე პროცესს, არამედ გიგაურს და ლომჯარიას, შავ ფულს, არაგამჭვირვალე პროცესებს, რაზეც კანონი მივიღეთ. ყველა უნდა დაფიქრდეს, როცა ქართულ სახელმწიფოს ესაუბრებიან. ვინც სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა, იმ ჯარის დაფინანსებაზე უარს ამბობენ და „მოლიტოვის კოქტეილის“ დასაფინანსებლად მიმართავენ ამ თანხებს, ეს სამარცხვინოა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის“. ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა: „ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად“.