გურამ მაჭარაშვილი - უცხოურ ძალასაც ხელი აქვს ჩაქნეული, რომ ოპოზიცია ოდნავ მაინც მიუახლოვდება გამარჯვებას, უკვე განცხადებები კეთდება არა 26 ოქტომბრამდე, არამედ მას შემდეგ ვითარებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული. ეს სამწუხარო მოცემულობაა, თუმცა, საბედნიეროდ, ევროპაში ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც საქართველოს გულშემატკივრები არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც, მათ შორის, საქართველოს საკითხიც განიხილება.
„ევროპარლამენტში ბევრი დეპუტატი გამოვიდა და საქართველოს სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა. უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს. უნდათ, რომ ის ხელისუფლება იყოს, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება უცხოურ ძალაზე, როგორც ამას საჯაროდ ვხედავთ, რაც ოპოზიციაში და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ხდება. უცხოურ ძალასაც უკვე ხელი აქვს ჩაქნეული, რომ ოპოზიცია ოდნავ მაინც მიუახლოვდება გამარჯვებას. ხელის ჩაქნევა იმაშიც გამოიხატება, რომ წინასწარი დასკვნა, 20 ოქტომბრის ნაცვლად, 30 ოქტომბერს გადაიტანეს. უკვე განცხადებები კეთდება არა 26 ოქტომბრამდე ვითარებაზე, არამედ მას შემდეგ. ამერიკის საელჩოს შეტყობინებები იყო, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ 26-ის შემდეგ და არა – მანამდე. იციან, რომ პირწმინდად წააგებენ და ახლა გეგმა „ბ“ აქვთ, რომ ქვეყანაში რადიკალური პროცესები იყოს. იციან, რომ ესეც მათი გამარჯვებით არ დასრულდება და ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მაგრამ მცდელობა ექნებათ, რადგან სხვა გზა არ აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.