გურამ მაჭარაშვილი - უცხოეთიდან ბულინგია ადამიანის შეწყალებაზე, რომლის მიმართაც ქართულ და საერთაშორისო სასამართლოებს აქვთ გამოტანილი განაჩენი, მჯერა, პრეზიდენტი პრინციპულობას შეინარჩუნებს
უცხოეთიდან არის არა მხოლოდ კულუარული, არამედ საჯარო პირდაპირი ბულინგი იმ ადამიანის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებითაც განაჩენი გამოტანილი აქვს ქართულ და საერთაშორისო სასამართლოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სჯერა, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი საკუთარი პრინციპულობის შეინარჩუნებას შეეცდება.
„უნდა გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ზურაბიშვილის სიტყვები „არა და არასოდეს“ მხოლოდ მისი სუბიექტური პოზიციის გამოხატულება არ იყო, მას ეს სიტყვები მხოლოდ პირადი წყენის გამო არ უთქვამს. რა თქმა უნდა, მან წარსული, ცუდი პერიოდი გაანალიზა, რამაც სახელმწიფო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა და შემდგომ ხალხმა სააკაშვილის ხელისუფლება გაუშვა. სწორედ ეს გაითვალისწინა სალომე ზურაბიშვილმა და ამიტომ თქვა, არა და არასოდესო.
ვხედავთ, რომ უცხოეთიდან არის არა მხოლოდ კულუარული, არამედ საჯარო პირდაპირი ბულინგი იმ ადამიანის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელზეც ქართულ და საერთაშორისო სასამართლოს აქვს განაჩენი გამოტანილი. მჯერა, პრეზიდენტი შეეცდება, საკუთარი პრინციპულობა შეინარჩუნოს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნა და მოთხოვნაა, საქართველოში კანონის უზენაესობა აღსრულდეს ყველას მიმართ, მათ შორის იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ზიანი მიადგათ. ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტაციასთან გამართული აქცია შეიძლება იმის საშუალებად გამოიყენოს, რომ უცხოეთიდან მასზე განხორციელებული ბულინგი შემცირდეს. თუ პრეზიდენტთან, პირობითად, 2 000 ადამიანი მივიდა, შემდეგ მათი რაოდენობა გაასმაგდება. როცა საჯარო დონეზე პრეზიდენტზე ასეთი ზეწოლა ხორციელდება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება კულუარებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.