გურამ მაჭარაშვილი - უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, რამე დახმარება თუ შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ, მაგალითად, აშშ-მა რუსეთის ჯინაზე ვიზა მოხსნას და პირდაპირი ფრენა დააწესოს
უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ. მაგალითად, ამერიკამ ვიზა მოხსნას და რუსეთის ჯინაზე პირდაპირი ფრენა დააწესოს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მოხარული იქნებიან, თუ აშშ, როგორც პარტნიორი, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს დააწესებს.
„ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა საქართველოს გადაწყვეტილება. მეორე – რუსეთმა ეს ოთხი წლის წინ გააკეთა სანქცირების სახით და დღეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მოეხსნა სანქციები. მე მგონი, ახლა შეშფოთებას უნდა იწვევდეს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათა შორის, იქნება ეს ჩვენი პარტნიორები თუ ნებისმიერი ინსტიტუცია, თავად უნდა ზრუნავდნენ და კარგი იქნება, რომ გაიყვანოს ჯარები, ეს საკმარისი არ არის. 20 და 25 წელი რომ ამას ამბობ, კარგი იქნება, ჯარები გაიყვანოს, ამ განცხადებაზე არავის გაჰყავს ჯარები, ამიტომ ნუ გახდებიან უფრო მეტი რომის პაპები, ვიდრე არიან ქართველები. ქართველებზე მეტად საქართველო არავის უყვარს, ჩვენს მოქალაქეებს კომფორტი ექნებათ ამ გადაწყვეტილებით, ახლა ევროპელებმა და, ზოგადად, უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ. მაგალითად, ამერიკამ ვიზა მოხსნას და პირდაპირი ფრენა დააწესოს რუსეთის ჯინაზე, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. პასუხი გვითხრას შეერთებულმა შტატებმა, ჩვენი პარტნიორი ხომაა, რუსეთის ჯინაზე დააწესოს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, ძალიან მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.