გურამ მაჭარაშვილი - უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციების არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას, ამ დროს ევროპიდან რუსეთში ასეულობით მილიონის პროდუქტი შედის, საქართველოზე საუბარი უხერხულია
საქართველო ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაადანაშაულეს სანქციებისგან თავის არიდებაში. ეს ხდება მაშინ, როცა, თავად თეთრი სახლის განცხადებით, საქართველოს ფინანსური ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ, როცა საქართველოს უარგუმენტოდ აბრალებენ სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან რუსეთში ასეულობით მილიონის პროდუქტი შედის.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, „ამ ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მიერ არსებულ გეგმას უკავშირებს“. მაჭარაშვილის შეფასებით, „სამწუხაროდ,„სიენენიც“ მოჰყვა იმ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“.
„სამწუხაროდ, „სიენენზე“ მანამდე 11-წუთიანი სიუჟეტი იყო და ახლაც კითხვა დაისვა ისე, რომ საქართველო ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაადანაშაულეს სანქციებისგან თავის არიდებაში. ეს ხდება მაშინ, როცა, თავად თეთრი სახლის განცხადებით, საქართველოს ფინანსური ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანა.
როცა ჩვენ უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან რუსეთში შედის ასეულობით მილიონის პროდუქტი. 2022 წელს იმპორტი გაიზარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ანუ, ომის პერიოდშიც კი მოხდა ექსპორტ-იმპორტის გაზრდა. ზოგ ქვეყანაში 100 პროცენტით არის გაზრდილი, ზოგში – 30-ით. სულ მცირე, უსამართლო და უხერხულია, როცა საუბარი მიდის საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმ დიდ გეგმას, რაც საქართველოს წინააღმდეგ შემუშავებულია გლობალური ომის პარტიის მიერ. სამწუხაროდ, „სიენენიც“ და მისი ზოგიერთი ჟურნალისტიც მოჰყვა იმ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.