გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს თაობაზე არგუმენტები არავის აქვს, აღშფოთებული ვართ ასეთი უარგუმენტო შეშფოთებებით, შე დალოცვილო, ჩახედე შენსავე ინსტიტუციების დასკვნებს და აღარ შეშფოთდები
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივნის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეშფოთება უარგუმენტოა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა უზრა ზეიას იმ განცხადებაზე, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს: „აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, სწორედ დასავლური ინსტიტუციების დასკვნებით, საქართველო სხვადასხვა პარამეტრით ევროკავშირის კანდიდატ და წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.
„ასეთი უარგუმენტო შეშფოთებებით აღშფოთებული ვართ. შე დალოცვილო, ჩახედე შენსავე ინსტიტუციების დასკვნებს საქართველოს თაობაზე და აღარ შეშფოთდები. საქართველოს თაობაზე არგუმენტები არავის აქვს. კრიტიკა არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას არ აქვს. თუ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, იმ დასკვნებს ვაპოვნინებთ, სადაც პარამეტრებით წინ ვართ კანდიდატ და წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.