გურამ მაჭარაშვილი - თურმე ევროპამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც თავად უნდა, საქართველომ კი ისე, როგორც ევროპას უნდა და ეს ყოფილა დემოკრატია
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროპული ღირებულებები გვინდა, თურმე დემოკრატია ევროპასა და საქართველოში სხვანაირად მუშაობს, ანუ ევროპამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას უნდა და ეს არის დემოკრატია, ხოლო საქართველომ ისე უნდა იცხოვროს, როგორც ევროპას უნდა და ეს არის დემოკრატია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
„ევროპარლამენტის რეზოლუციას ჰქვია: „ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ“. თუ საქართველოში რამე ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს, ეს სწორედ ასეთი სახის რეზოლუციებია, როცა ქართველი ადამიანი ხედავს, რომ ევროკავშირის ასეთი უმაღლესი დონის ინსტიტუცია პირდაპირ არღვევს ევროპულ ღირებულებებს, კანონის წინაშე თანასწორობას, კანონის უზენაესობას, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფეხქვეშ თელავს და ქართველ ხალხს ეუბნება, რომ კანონის დარღვევით გამოუშვან სააკაშვილი. ზუსტად ეს არის ანტიევროპული განწყობა. როცა ჩვენ ანტიდასავლური დეზინფორმაციის შეკავებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის, ევროპარლამენტმა თავი შეიკავოს ასეთი რეზოლუციების მიღებისგან. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროპული ღირებულებები გვინდა, თურმე დემოკრატია ევროპასა და საქართველოში სხვანაირად მუშაობს. ანუ, ევროპამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას უნდა და ეს არის დემოკრატია, ხოლო საქართველომ ისე უნდა იცხოვროს, როგორც ევროპას უნდა და ეს არის დემოკრატია. ეს არ არის დემოკრატია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.