გურამ მაჭარაშვილი - ტერმინ „გავლენის აგენტის“ შესახებ მსჯელობა მეორე მოსმენის საკითხია, რომელიც ჩაინიშნება ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, ასეთ დეტალებზე სწორედ მაშინ ვიმსჯელებთ
ტერმინ „გავლენის აგენტის“ შესახებ მსჯელობა მეორე მოსმენის საკითხია, რომელიც ჩაინიშნება ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, ასეთ დეტალებზე სწორედ მაშინ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, დონორები, რომლებიც აფინანსებენ საგანმანათლებლო სფეროს, სტუდენტებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას. ამასთან, აღნიშნა, რომ სტუდენტებს, რომლებიც სწავლისთვის დაფინანსებას ან გრანტს უცხოეთიდან იღებენ, არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ.
„კანონპროექტი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ანუ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დავაინიცირეთ, ქართული ვერსია, ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს არ ეხება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათგან მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და მედიასაშუალებებს ეხება. ქართულ ვერსიაში დასაქმებულების პირად ინფორმაციაზე წვდომა არ არსებობს. ეს არის FARA-ს ამერიკულ კანონში, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ. რაც შეეხება კითხვას ტერმინ „გავლენის აგენტთან“ დაკავშირებით, მასზე მსჯელობა მეორე მოსმენის საქმეა. პირველი მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილი გვაქვს, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ და დასკვნის მიღების შემდეგ ჩაინიშნება მეორე მოსმენა. ამგვარ დეტალებზე სწორედ მაშინ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილმა ასევე უპასუხა დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვას, აღნიშნული კანონი შეეხება თუ არა უცხოეთიდან დაფინანსებულ სტუდენტებს და გულისხმობს თუ არა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
„ეს კანონი არ ეხება სტუდენტებს, რომლებიც სწავლისთვის დაფინანსებას ან გრანტს უცხოეთიდან იღებენ. არანაირი დაბრკოლება ამ კანონის მიღებით მათ არ შეექმნებათ, მით უმეტეს, რომ ეს კანონი ფიზიკურ პირებზე საერთოდ არ ვრცელდება. პირიქით, იმ დონორების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ მსგავს მიმართულებებს – სწავლა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და ა.შ., გაჩნდება პოზიტიური შეფასება, რაც მათ მეტ მოტივაციას მისცემს. ამ შემთხვევაში, სტუდენტებზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, პლენარულ სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის კითხვასაც, ექნება თუ არა პრეზიდენტს უფლება, გარკვეული დაწესებულებები უცხოური გავლენის აგენტის რეესტრიდან ამოიღოს. ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედება ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუშლიდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს.
„პრეზიდენტთან დაკავშირებით კითხვა, მართალია, შემდეგ კანონპროექტს, ამერიკულ ვერსიას ეხება, მაგრამ მაინც გიპასუხებთ, რომ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე – გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით საგამონაკლისო წესი ჰქონდეს, რაც ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. თუმცა ვთქვით, რომ ოპოზიცია თუ თანახმა იქნება FARA-ს, ანუ აშშ-ის კანონპროექტთან დაკავშირებით, შეგვიძლია, ამ კანონში შევიტანოთ ცვლილება და „პრეზიდენტი“ „მთავრობით“ ჩანაცვლდეს, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა. ასევე, ეს კანონი არც ქალთა დისკრიმინაციას არ გულისხმობს. ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ საგანმანათლებლო სფეროს, სტუდენტებს, ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულებებს და ა.შ., რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.