გურამ მაჭარაშვილი - სტრატეგიული ურთიერთობა ბატონყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის აზრით, სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ ბატონყმურ ურთიერთობას ნიშნავს
გურამ მაჭარაშვილი - სტრატეგიული ურთიერთობა ბატონყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის აზრით, სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ ბატონყმურ ურთიერთობას ნიშნავს

ჩინეთთან საქართველოს კავშირები, მათ შორის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ყოველთვის ის იყო მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. იქიდან პირდაპირი გზავნილებია, ქვეყნიდან, რომელიც არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი მოქმედი წევრისგან ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და იგი აღიარებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აუცილებლად წაადგება.

„დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ხელს შეუწყობს იმას, რომ მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ ჯერ ჩვენ ვცემთ პატივს ჩვენს დამოუკიდებლობას, მერე – პარტნიორები როგორც დასავლეთში, ისე ამერიკაში, და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც მსოფლიოში უძლეველი სახელმწიფოა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოჩნდა. რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომლის სუვერენიტეტსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განცხადებით, სტრატეგიული ურთიერთობა ბატონყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს.

„სტრატეგიულ ურთიერთობას ისე ვუყურებთ, როგორც არსებობს. მანჯგალაძემ გააჟღერა რადიკალური ოპოზიციის მოსაზრება და მოკლედ ასე ჩამოაყალიბა, რომ ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან ბატონყმური ურთიერთობა გვირჩევნიაო. ეს მისი აზროვნების პრობლემაა. მერე მისი უფროსი შეეცადა გამოესწორებინა, ეს მანჯგალაძემ კი არ თქვა, სახარებიდან არისო – ვაშაძემ თქვა. თუ სახარება არ იცი, კითხვა მაინც უნდა იცოდე. მანჯგალაძემ პირდაპირ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახუროთო, ეს პათოსი აქვს ოპოზიციას. ეს ციტატა სულ სხვაა, იქ წერია, ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებაო, უფალს და ეშმაკს ვერ ემსახურებიო. თვითონ ჩამოყალიბდნენ, ჩინეთსა და ამერიკას შორის უფალი რომელია და ეშმაკი რომელია. თუ ოპოზიცია თვლის, რომ ორი ბატონი არ შეიძლება ჰყავდეს, რა გამოდის, როცა აშშ-თანაც გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ევროკავშირთანაც? გვითხრან ბოლოს და ბოლოს, ვისი ვასალები ვართ – ამერიკის თუ ევროკავშირის? სტრატეგიული ურთიერთობა ბატონყმურ ურთიერთობას არ ნიშნავს. რადიკალური ოპოზიციის აზრით, სტრატეგიული ურთიერთობა სწორედ ბატონყმურ ურთიერთობას ნიშნავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.