გურამ მაჭარაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, რაც არ დაკმაყოფილდა
სტრასბურგის სასამართლოში მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება, რაც ნიკა გვარამიამ თავისებურად განმარტა, აბსურდია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგნად მისმა ადვოკატებმა გახადეს. როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, სტრასბურგის სასამართლოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ გვარამიას არ დაუჯეროს და შიმშილობა შეწყვიტოს. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ეპიზოდს, სადაც ინფორმაციას ითხოვს პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. რასაკვირველია, მივაწოდებთ ინფორმაციას როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებების დაცვის შესახებ. სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციის საგნად თავად მისმა ადვოკატებმა გახადეს. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენგან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირება რომ ხდება, დასტურდება იმით, რომ როგორც სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, მას მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა სურს. სააკაშვილს ჰქონდა საშუალება, პროკურატურის შუამდგომლობით პროცესში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა. თუ სააკაშვილს ჰქონდა სათქმელი მართლმსაჯულებისთვის ან საზოგადოებისთვის, საზოგადოება ამას მედიით გაიგებდა. 21-ე საუკუნეში ძალიან ბევრ სახელმწიფოში პროცესები დისტანციურად ტარდება. დადასტურდა, რომ სააკაშვილს მართლმსაჯულებისთვის და საზოგადოებისთვის კი არაფერი აქვს სათქმელი, არამედ მისი გადაყვანის შემთხვევაში, მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.