გურამ მაჭარაშვილი - „სირცხვილიამ“ დარეგისტრირებაზე როგორც კი გადადგა ნაბიჯი, მყისიერად ფაშიზმის მეთოდებით დაუპირისპირდნენ, ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „სირცხვილიამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირების ნაბიჯი როგორც კი გადადგა, მას მყისიერად დაუპირისპირდნენ ფაშიზმის მეთოდებით.
მაჭარაშვილის თქმით, კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა ყველგან აუცილებელია.
„მსოფლიოში და, სამწუხაროდ, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო კარგად ვნახეთ „სირცხვილიას“ მაგალითზე. საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია „სირცხვილია“, ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ თქვეს, რომ ორგანიზაციის დარეგისტრირება საჭირო იყო და არაფერი მტკივნეული არ იყო. როგორც კი ეს ნაბიჯი გადადგა, მყისიერად დაუპირისპირდნენ ფაშიზმის მეთოდებით და ჩაქოლეს იმავე ლიბერალებმა. ამით კიდევ უფრო დამტკიცდა, რომ გამჭვირვალობა ყველგან აუცილებელია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.