გურამ მაჭარაშვილი - შეურაცხყოფაა, როცა საერთაშორისო დამკვირვებელი ამბობს, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო, უცხოეთიდან კი ვიღაც აცხადებს, რომ პრორუსმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა
შეურაცხყოფაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ამბობს, არჩევნებზე არანაირი ძალადობა არ ყოფილაო და უცხოეთიდან ვიღაც აკეთებს განცხადებას, რომ პრორუსმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა,
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებზე.
„საერთაშორისო შეფასებები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ამის გადატვირთვა მალე მოხდება. საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების შეფასებები ვნახეთ და ამაზე რატომ არ არის კომენტარები? თუ ეს ხალხი ქართველები იყვნენ და არ იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები? ოპოზიციის სასარგებლო კომენტარები რომ გაეკეთებინათ, დილიდან საღამომდე სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარებს დადებდნენ და თქვენც კითხვები ამაზე გექნებოდათ. უამრავმა, ათეულობით, ასეულობით საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმა, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ესწრებოდნენ არჩევნებს, ვერანაირი ძალადობა, დამუნათება ვერ დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფაა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქ იმყოფება არჩევნებზე, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო, ამბობს და უცხოეთიდან ვიღაც აკეთებს განცხადებას, რომ გაიმარჯვა პრორუსმა ხელისუფლებამ. ზოგადად, ყველამ თავის ქვეყანას უნდა მიხედოს. ყველას, ვინც ასეთი განცხადება გააკეთა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს და თავიანთ სავაჭრო ურთიერთობებში ჩაიხედონ – ვინ უფრო მეტად არის რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი. ყველამ თავის სახელმწიფოში მოისვენოს და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო დაასვენოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.