გურამ მაჭარაშვილი - „შავი სიები“ ვერ უშველის პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. შავ სიებზე მომუშავე ოპოზიციის წარმომადგენლები უმჯობესია, წინასაარჩევნო პერიოდში ხალხში გავიდნენ და მათ ესაუბრონ.
მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოებას ე.წ. შავი სიების არ სჯერა.
„ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყოველთვის მიმართავდა და დღესაც აგრძელებს, სამწუხაროდ, დესტრუქციულ ქმედებებს, ახლა გადასულია რაღაც შავი სიების შედგენაზე, რაღაც შავ-ბნელ საქმეებზე და ა.შ. ნაცვლად იმისა, რომ თითქმის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში საზოგადოებაში გავიდეს და საზოგადოებას გნებავთ ჩვენს, როგორც პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ, გნებავთ მათ სასარგებლოდ რაღაცა ფაქტები, ან სამომავლო დაპირებები მისცენ, როგორც უნდა იქცეოდეს პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა პერიოდში. აქედან გამომდინარე, არ სჯერა საზოგადოებას არც შავი სიების, არც მათი მოწოდებების. სამწუხაროდ, ვერც შავი სიები და ვერც სხვა სიები ვერ უშველის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ აქვს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ე.წ. შავი სია ძირითადად სამი მიმართულებით მუშავდება და ის ეხება: „პოლიტიკოსებს, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში იქნებიან მხილებულნი“, მოსამართლეს, პროკურორს, თუ გამომძიებელს, რომლებიც „გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არიან მხილებულნი“, ასევე, სიაში წარმოდგენილი იქნებიან „პოლიტიკური დევნის, შანტაჟისა და მართლმსაჯულების მსხვერპლნი – დაპატიმრებული თუ სხვა მხრივ რეპრესირებული ადამიანები“.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე სიის ხუთეული შეათანხმა. ოპოზიცია აანონსებს, რომ სიის პირველი ათეული უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.