გურამ მაჭარაშვილი - სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად შერაცხეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით
სენატორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად შერაცხეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ბობ მენენდესის უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნობის ფაქტს.
მაჭარაშვილის თქმით, ყველა სენატორი, კონგრესმენი და ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებდა უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ან უცხოურ აგენტად გამოცხადდა, ან დაიჭირეს, ან ამხილეს და ბრალი წაუყენეს კორუფციასა და სხვა დანაშაულებებში.
„კარგი გამოთქმა არსებობს – რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ყველა სენატორი და კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, რომელიც აკეთებდა უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში, ან უცხოურ აგენტად გამოცხადდა, ან დაიჭირეს, ან ამხილეს და ბრალი წაუყენეს კორუფციასა და ათას უბედურებაში. ეს ბოლო სენატორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ აგენტად შერაცხეს ამერიკაში, შეშფოთებული იყო საქართველოში ვითომ დემოკრატიის უკუსვლით. შე დალოცვილო, საქართველოში დემოკრატიის შეფასების ნაცვლად, იმ გამჭვირვალობის კანონის გაკრიტიკების ნაცვლად, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის, საკუთარი რეპუტაცია რომ შეგემოწმებინა და საკუთარი საზოგადოებისთვის ანგარიში ჩაგებარებინა, მგონი, ჯობდა. თვითონ აღმოჩნდა უცხოურ აგენტად, რომელსაც უარყოფდნენ, მათ შორის ამერიკაში, რომ იქ არ მოქმედებდა ასეთი კანონი. ნებისმიერი უსამართლო განცხადება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში იქნება ამის მერეც გაკეთებული, აუცილებლად შეუტრიალდება ყველას, როგორც ამ შემთხვევაში. იმარჯვებს მშვიდობა ომზე, ტრადიციები ლგბტ პროპაგანდაზე და სუვერენიტეტი მონობაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი 16 ივლისს ცნეს დამნაშავედ. სენატორ მენენდესს თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და სხვა დანაშაულებში ედებოდა ბრალი. ანალიტიკურმა ფორუმმა, Just Security-მ გამოქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს.