გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოებას არ უნდა ისეთი პარტია, რომელიც ქვეყანას ომისკენ მიაქანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა უმრავლესობა ხედავს, რომ ეს პარტია პოლიტიკისთვის არავის სჭირდება
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს რასაც უსურვებდა – ვადამდელ არჩევნებს, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებას, ის საკუთარ პარტიაში მიიღო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხარდამჭერების უმრავლესობა ხედავს, რომ ეს პარტია პოლიტიკისთვის არავის სჭირდება.
„საზოგადოებას არ უნდა ისეთი პარტია, რომელიც ქვეყანას არეულობისა და ომისკენ მიაქანებს. კანონზომიერად, სამართლიანობის ურემი მივიდა „ნაცმოძრაობასთან“. რასაც სახელმწიფოს უსურვებდა – ვადამდელ არჩევნებს, ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებას, ის მიიღო საკუთარ პარტიაში, მათ შორის ჩანაწერების გამოქვეყნება და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვართ, მათი მხარდამჭერების უმრავლესობა ხედავს, რომ ეს პარტია პოლიტიკისთვის არავის სჭირდება და ზოგიერთ ფულიან ადამიანს სჭირდება ფულის უზრუნველსაყოფად. ეს არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დასასრული.
დაპირისპირებაა მელიასა და დანარჩენ კანდიდატებს შორის იმასთან დაკავშირებით, ვის რაში სჭირდება ეს პოლიტიკური პარტია. მელიას სჭირდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესებისთვის, არასწორი პოლიტიკისთვის, მაგრამ – პოლიტიკისთვის და დანარჩენებს – მერაბიშვილისა და კეზერაშვილის თანხების უზრუნველყოფისთვის. ამაზე მიდის დიდი ბრძოლა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.