გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რა ხდება მსოფლიოში და ქვეყანას სწორი პოზიცია უკავია, რაც არის მშვიდობა, განვითარება, არეულობა არ მოხდება
საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რა ხდება მსოფლიოში და ქვეყანას სწორი პოზიცია უკავია, რაც არის მშვიდობა, განვითარება, უკრაინის მხარდაჭერა, ცივილიზებულ სამყაროსთან გვერდით დგომა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არეულობის შემოტანა არ მოხდება.
„რატომ არის უკრაინის ელჩი გაწვეული საქართველოდან და არა ბელარუსიდან, ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. უკრაინელების თქმით, ბელარუსი რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოა. მტკიცებულება არ მიგვიღია უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ბრალდებებზე, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება. რუსეთის გვერდით დგომაში გვადანაშაულებდნენ, მაშინ როდესაც საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში არის უკრაინის მხარეს და რუსეთის საწინააღმდეგოდ. ნურავინ შეეცდება, ამ კონფლიქტში საქართველო მხარედ დაფიქსირდეს. კარგად იცით, რომ საქართველოსთან მიმართებით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო. რუსეთში საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს და თუ ისინი ფრენებით ისარგებლებენ, კარგი იქნება, მაგრამ ეს მომართვა არ ემსახურება იმას, რომ ამ გადაწყვეტილებაში რაიმე წვლილი შევიტანოთ. ეს იყო და არის რუსეთის გადაწყვეტილება.
რაც შეეხება სანქციებს, თეთრი სახლის განცხადებას შეგახსენებთ, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები უზრუნველყოფენ, საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდება არ მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველა სხვა განცხადება საქართველოში არეულობის შემოტანას ემსახურება. ეს არ მოხდება, რადგან საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რა ხდება მსოფლიოში და ქვეყანას სწორი პოზიცია უკავია, რაც არის მშვიდობა, განვითარება, უკრაინის მხარდაჭერა, ცივილიზებულ სამყაროსთან გვერდით დგომა და პარტნიორებთან ურთიერთობა“, – განაცახადა გურამ მაჭარაშვილმა.