გურამ მაჭარაშვილი - სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა მათ ქმედებებზეა დამოკიდებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ჯანსაღი ოპოზიციის ადგილი ვერ მოიძებნება
გურამ მაჭარაშვილი - სასამართლოში პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შეტანა მათ ქმედებებზეა დამოკიდებული, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ჯანსაღი ოპოზიციის ადგილი ვერ მოიძებნება

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია მათ ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, ის პოლიტიკური პარტია აკრძალოს, რომელიც ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს უწევს ორგანიზებას.

„ოპოზიცია ამ პროცესს ძალიან დააჩქარებს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, ის პოლიტიკური პარტია აკრძალოს, რომელიც მოწოდებულია, რომ ანტიკონსტიტუციური განცხადებები აკეთოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ორგანიზება გაუწიოს. ასეთი პოლიტიკური პარტია ევროპაშიც ბევრი აკრძალულა, რისი მაგალითებიც გვაქვს. თუ პროცესს დააჩქარებენ, სამართლებრივ აქტს მიიღებენ. პარტიების აკრძალვის პრაქტიკა ევროპაში არსებობს. გარწმუნებთ, იმაზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს და ეს მტკიცებულებები საჯაროდაც არსებობს, ვიდრე პარტიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს. პარტიის ლიდერი, რომელიც ქვეყანას პირდაპირ მტრობს და უცხოელებს საჯაროდ ეუბნება, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არსებობს, რაც შემდეგ არ მტკიცდება, პარლამენტზე ახორციელებს შტურმს, ხალხში ზიზღს თესავს, უცხოელები ამბობენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ხოლო ის ხალხს ატყუებს, ეს და სხვა მრავალი უკვე მტკიცებულებაა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით მეტი მტკიცებულება ექნება, ვიდრე შეიძლება პოლიტიკური პარტიის აკრძალვას დაედოს საფუძვლად.

„პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც ქვეყანას საჯაროდ მტრობენ და ამას საჯაროდ აცხადებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. „ქართული ოცნება“ პროცესებს აკვირდება და დინამიკურად მიჰყვება. გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე მივიღებთ, რა სიტუაცია იქნება და როგორ დასჭირდება ეროვნულ ინტერესებს. ოპოზიციაში ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, ჯანსაღი ოპოზიციის ადგილი ვერ მოიძებნება. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია მათ ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.