გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში უცხოური ძალები ჩაერევიან, დახარჯავენ დიდ ფულს და რესურსს, მიზანია, უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება და გახსნან მეორე ფრონტი
დღეს არის გაცხადებული ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უცხოური ძალები ამაში ჩაერევიან, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდონ, დახარჯავენ დიდ ფულს და რესურსს. ყველას შეაწუხებენ, რათა უცხოურმა ძალამ ხელში ჩაიგდოს საქართველოს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საბოლოო მიზანია, უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება და აქ გახსნან მეორე ფრონტი.
„როგორ გგონიათ, ამერიკას საქართველოს ტრადიციები აინტერესებს? არ აინტერესებს. ქვეყნის ეკონომიკა აინტერესებს? არ აინტერესებს. აბა, რა აინტერესებს? ერთადერთი, ტერიტორია დარჩა. საქართველოს ტერიტორია და მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა უკვე არა მარტო ამერიკას, არამედ ძალიან ბევრს აინტერესებს. იმიტომ, რომ, შუა დერეფნის გარდა, ბევრი დერეფანი გადის უკვე საქართველოზე. ჩინეთთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა, სადაც თავად ბატონი ენტონი ბლინკენი ჩადის და ამყარებს ურთიერთობას. ევროკავშირს სავაჭრო ურთიერთობები აქვს ჩინეთთან და ჩვენ გვიშლიან, რადგან საქართველოს ტერიტორია აინტერესებთ. მათი აზრით, ჩინეთი საქართველოს კი არ უნდა დაელაპარაკოს, ამერიკას უნდა დაელაპარაკოს, როდესაც საქართველოზე გაივლის მისი სავაჭრო ქსელი. ეს კანონი ამერიკაში ხომ არ იმოქმედებს, ხომ საქართველოში იმოქმედებს. რა ადარდებს ამერიკას? დავიჯერო, ამ დონეზე აქვს ჩვენი სიყვარული, რომ გამჭვირვალობის კანონი იქნება თუ არ იქნება საქართველოში, ეს ადარდებს? თქვას, თუ ეს კანონი იქნება, აღარ დაგაფინანსებთო, მაგრამ ამას არ აკეთებს. ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვა უნდა.
ევროპის რიგმა სახელმწიფოებმა და მათმა ლიდერებმა დაიწყეს იმ განცხადებების გაკეთება, რასაც, ჩვენ ორი წელია, ვამბობთ. ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი. გაგახსენებთ საფრანგეთის პრეზიდენტის ერთი წლის წინანდელ და ორი კვირის წინანდელ განცხადებას. საფრანგეთი და, ზოგადად, ევროპა ამერიკის ვასალი არ უნდა იყოს. ომს უცხადებს ამით საფრანგეთი ამერიკას?. გაგახსენებთ უნგრეთის, პოლონეთის პრემიერების განცხადებებს, რომ ევროკავშირი არ უნდა იყოს საბჭოთა კავშირი და ევროკავშირი არ უნდა იყოს ბიუროკრატია. ისევე როგორც ჩვენ, მათაც უნდათ ეროვნული ინტერესები. პოლონეთს, უნგრეთს, საფრანგეთს და იტალიას თუ უნდათ ჯერ ეროვნული ინტერესები და მერეა ევროკავშირი, ჩვენთვის რატომ უნდა იყოს ჯერ ევროკავშირი და მერე ეროვნული ინტერესები? ჩვენ უკვე ვართ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ, პირველ რიგში, ვართ სუვერენული ქვეყანა. რაც უნდათ ევროპის ქვეყნებს, ზუსტად იგივე გვინდა ჩვენ.
ვინც რა უნდა თქვას, დღეს არის გაცხადებული ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, უცხოური ძალები ამაში ჩაერევიან, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდონ. ამაში დახარჯავენ დიდ ფულს და რესურსს. ყველას შეაწუხებენ, რათა უცხოურმა ძალამ ხელში ჩაიგდოს საქართველოს ხელისუფლება. საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის, რომ უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება და აქ გახსნან მეორე ფრონტი. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, სააკაშვილი რომ მანდ იყოს, რუსეთს დაუწყებდა ომს. დავზიანდებით და გავნადგურდებით ჩვენ. ამით რუსეთი ნაწილობრივ შესუსტდება და ამით სხვა ქვეყანა იხეირებს. ამ განცხადებების უკან ეს დევს, მეტი არაფერი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.