გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს პრეზიდენტს ავიწყდება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, მის განცხადებებში გათვალისწინებულია სხვა ქვეყნისა და ძალების, საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები
ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს ავიწყდება, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, როდესაც განცხადებებს აკეთებს, რადგან მის განცხადებებში სულ გათვალისწინებულია სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ძალების, მათ შორის, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე არ საუბრობს ხოლმე.
„26 მაისსაც აქედან გამომდინარეობდა მისი აცდენილობა დროსა და სივრცეს, როდესაც მთელი საქართველო, პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, ზეიმობს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის წინაშეც წვევამდელები ფიცს დებენ, პრაქტიკულად, შეურაცხყოფას აყენებს ამ ხალხს. ძალიან დიდი ალბათობით, ბევრი მათგანის ან ახლობელი, ან ნათესავი იქნებოდა, მათ შორის შეიძლება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აყენებს შეურაცხყოფას ეთნიკური ნიშნით, რომ ნახევრად გარუსებულებს უწოდებს და ასე შემდეგ, როცა ავიწყდება თავისი წარსული.
აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის „ხალხის ძალაში“, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე. აუცილებელია, ნებისმიერ ასეთ განცხადებაზე გაკეთდეს კომენტარი, რომელსაც ხალხი გაიგებს. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი შეცდომები დაუშვას, რომ შემდეგ, საერთოდ, პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდგომ ძალიან სანანებელი ჰქონდეს. ის, რომ თავის დროზე ოპოზიცია აბულინგებდა ქალბატონ სალომეს და შემდგომ საზოგადოებას, რომელიც მივიდა მის ადმინისტრაციასთან, იქაც შეურაცხყოფა მიაყენა და არც უმრავლესობაში აქვს მაინცდამაინც მხარდაჭერა, მაშინ არ ვიცი, ვიღაცის იმედზე უნდა იყოს, ხომ? ამიტომ, იმედი გვაქვს, სულ მცირე, სუბიექტურად მაინც გამოიჩენს სახელმწიფოებრიობას, რადგან არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს, არამედ მას პირადად ექნება დიდი პრობლემები, თუ არასწორ განცხადებებს გაახმოვანებს. მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას და მასაც ვნებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.