გურამ მაჭარაშვილი - საქართველო არის სახელმწიფო, რომლის ინტერესებიც პირველ რიგში უნდა დავიცვათ, არ გვეშლება მტერი და მოყვარე, არც უკრაინასთან ურთიერთობა შეგვშლია
საზოგადოება დაიღალა იმაზე მსჯელობით, თუ როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას. საქართველო უკრაინას ეხმარება აბსოლუტურად ყველა კონტექსტში, ერთის გარდა, რომ ომი არ იწყება და აქ მეორე ფრონტს არ ხსნის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველო უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება.
„იქნება პოდოლიაკი, არესტოვოჩი თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი უკრაინაში, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, ბუნებრივია, ეს უარყოფითად იქნება შეფასებული თავად ქართული საზოგადოების მიერ. ნუ შეწუხდებიან ზედმეტი ჭკუის სწავლებით. ჩვენ, სულ მცირე, სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაქვს, მეგობრული ურთიერთობაც ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოა სახელმწიფო, რომლის ინტერესებიც პირველ რიგში უნდა დავიცვათ, არ გვეშლება არც მტერი და არც მოყვარე, არც უკრაინასთან ურთიერთობა შეგვშლია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და ძალიან ბევრმა დეპუტატმა თქვა, დადგება დრო, როცა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თვალებში ჩავხედავთ. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან იმ მაგალითებზე, რასაც ჩვენ მოვიყვანთ, რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.