გურამ მაჭარაშვილი - სანქცია, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრების შეზღუდვას ეხება, იქამდე ვერ იმოქმედებს, ვიდრე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება
გურამ მაჭარაშვილი - სანქცია, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრების შეზღუდვას ეხება, იქამდე ვერ იმოქმედებს, ვიდრე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება

სანქცია, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრების შეზღუდვას ეხება, იქამდე ვერ იმოქმედებს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს.

„საქართველო საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა და პირნათლად ასრულებს, მაგრამ როცა საქმე ეხება ისეთ სანქციას, რომელიც ასანქცირებს საქართველოს მოქალაქის პირად საკუთრებას და მას პირად საკუთრებაზე მოქმედებას უზღუდავს, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის კონსტიტუცია ჩაერთვება, რომელიც ამბობს, რომ იცავს საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას. შესაბამისად, ვისაც საკუთრების შეზღუდვა შეუძლია, სასამართლო გადაწყვეტილებაა. კარგი იქნებოდა, ეს ბრძანება ადრეც ყოფილიყო, მაგრამ კარგია, რომ ასეთი ბრძანება კონსტიტუციის შესაბამისად გამოიცა.

საერთაშორისო სანქციები უფრო მაღალი არ არის, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია და ეს ნებისმიერმა იურისტმა იცის. ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. სანქცია, რომელიც უშუალოდ საქართველოს მოქალაქის საკუთრების შეზღუდვას ეხება, მანამდე ვერ იმოქმედებს, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ეროვნულ ბანკში ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.