გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, პრეზიდენტის ნაბიჯები არაადეკვატურია ხოლმე, ასე არ იმართება სახელმწიფო, ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს
კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს.
„სამწუხაროდ, არასწორი, არაადეკვატურია ხოლმე პრეზიდენტის ნაბიჯები და განცხადებები. ამ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც თავად აღიარებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს თვითონაც ვერაფერს უწუნებს და ვერც ვერავინ ვერაფერს უწუნებს, აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ არ ხდება მისი წარდგინება პარლამენტში. სამწუხაროდ, არსებობს მოცემულობები, რის გამოც, როგორც ჩანს, ის მარტო არ იღებს გადაწყვეტილებებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ქვეყნის შიგნით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ. ჩვენ არავისთან არ ვართ დაპირისპირებული. პრეზიდენტი არაადეკვატურ ნაბიჯებს თუ დგამს ან არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არ არის, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წამოსული პრობლემაა. როგორც ჩანს, ის მარტო არ არის გადაწყვეტილებებში და კარგი იქნება, თუ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არა ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარეობს, არამედ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან, რომელმაც ის აირჩია. ასე არ იმართება ქვეყანა, სახელმწიფო. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომლებიც ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო. როგორც პრეზიდენტმა მაშინ აღნიშნა, ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს. ამასთან, გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. მათივე განცხადებით, ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში ვერ დაუშვებენ და საქართველოს პარლამენტი ვეტოს დაძლევს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ამ განცხადების საპასუხოდ განცხადება გააკეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, რომელმაც აღნიშნა: „ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“.